• დაგვიკავშირდით

    555-502-547
  • სამუშაო საათები

    08:30-19:30
  • ელ. ფოსტა

    infoindigokids2022@gmail.com
post image

მშობლობის სხვადასხვა სტილი

 მშობლები, უმეტეს შემთხვევაში,  ყურადღებით ეპყრობიან ბავშვის მოთხოვნებს და ზრუნავენ მათ დაკმაყოფილებაზე, რის შედეგადაც მშობელსა და შვილს შორის ყალიბდება ახლო და მყარი ურთიერთობა. მომავალში, ასეთი ბავშვები ყალიბდებიან სანდომიან, გულღია, თავდაჯერებულ და დამოუკიდებელ ადამიანებად. საპირისპირო შემთხვევაში ვღებულობთ მოუმწიფარ, საკუთარ თავსა და ძალებში ურწმუნო, სხვაზე დამოკიდებულ ადამიანს. განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ მშობლები ბავშვის აღზრდის კუთხითაც, რომელიც ასოცირდება სხვადასხვა სახის ქცევასთან და პიროვნულ თვისებებთან. გავლენა, რომელსაც მშობლის აღზრდის სტილი ახდენს ბავშვის პიროვნებაზე საშუალო სიძლიერისაა. არსებობს მშობლობის ოთხი სტილი, რომელიც ეფუძნება სითბოსა და კონტროლის ოთხ სხვადასხვა კომბინაციას:

·    ავტორიტეტული მშობლები (სითბო და კონტროლი კომბინირებულია და დაბალანსებული);

·     ავტორიტარული მშობლები (ძლიერად გამოხატული კონტროლი, სუსტად გამოხატული სითბო);

·     დამყოლი მშობლები (ძლიერად გამოხატული სითბო, სუსტად გამოხატული კონტროლი);

·     იგნორირებაზე/უარყოფაზე ორიენტირებული მშობლები (სუსტად გამოხატული სითბო და კონტროლი).[1]

მოცემული აღზრდის სტილებიდან ნათლად ჩანს, რომ მშობლები რომლებიც იყენებენ ავტორიტეტული აღზრდის სტილს, ოჯახში ქმნიან მოსიყვარულე და უსაფრთხო გარემოს. ასეთი მშობლების ბავშვები ბედნიერები, საკუთარ თავში დარწმუნებული და დამოუკიდებლები არიან. ისინი ადვილად იძენენ მეგობრებს, სოციალურ უნარ-ჩვევებს, მზრუნველობით და გულისხმიერებით ეკიდებიან სხვა ადამიანის საჭიროებებს და მოთხოვნილებებს. ეს განაპირობებს მათ წარმატებას, მაღალ აკადემიურ მოსწრებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად მშობლების სხვა, არაადექვატური აღზრდის მეთოდებისა, ბევრი ბავშვი მაინც ახერხებს დამოუკიდებელ, წარმატებულ და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებას. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მშობელი ცუდად ეპყრობა ბავშს, უგულებელყოფს რა ბავშვის საჭიროებებს. მეტიც, რიგ შემთხვევებში ფიზიკურად სჯის და ახდენს ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას.  მშობლის მხრიდან ასეთი დამოკიდებულება ცუდად აისახება ბავშვის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე. მათ უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება, გამოირჩვენიან სუსტი სოციალური უნარ-ჩვევებით და დაბალი აკადემიური მაჩველებლებით. ავლენენ აგრესიას, დეპრესიას, მღელვარებას, უჭირთ თანატოლებთან კონტაქტის დამყარება და აქტივობებში ჩართულობა.[2]

„ბავშვთა მიმართ ცუდად მოპყრობის ინტერპრეტაცია და აღზრდის ცალკეული ფორმების მიუღებლობის ხარისხი განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში. ეს ფაქტი ართულებს ბავშვის მიმართ ცუდად მოპყრობის და ძალადობრივი დისციპლინის ცნების შემოღებას და, შესაბამისად, აფერხებს აღზრდის ძალადობრივი მეთოდების გამოყენების პრევენციისა და მავნე პრაქტიკასთან ბრძოლის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებას.“ - ნათქვმია ჩაღრმავებულ ანალიზში, რომელიც მომზადდა მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის ბაზაზე,  საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის მიერ (EPRA 2020). ამერიკელ ფიქოლოგთა ასოციაციამ 2019 წელს მიიღო რეზოლუცია მშობელთა მიერ ბავშვთა აღზრდის ძალადობრივი მეთოდების შესახებ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ფიზიკური ძალადობის მსუბუქი ფორმებიც კი დაკავშირებულია ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებასთან და  იწვევს კოგნიტურ, ქცევით, სოციალურ და ემოციური განვითარების შეფერხებას. ფიზიკური დასჯის გამოყენება ზრდის ანტისოციალურ ქცევას, აგრესიის გამოვლენის ალბათობას, იწვევს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს.  მნიშვნელოვნად მოქმედებს თავის ტვინის ნორმალურ განვითარებაზე, ზრდის ალკოჰოლისა და ნარკოტიკების გამოყენების რისკს. იმედგაცრუება, შიში, სიბრაზე, შფოთვის მაღალი დონე, რომელსაც იწვევს ბავშებზე ფსიქოლოგიური ძალადობა განაპირობებს მათი ფსიქოემოციური მდგომარეობის გაუარესებას. შესაბამისად ფსიქოლოგიური აგრესია და ფიზიკური დასჯა წარმოადგენს აღზრდის ძალადობრივ ფორმებს, რომელიც საფრთხის შემცველია არა მარტო ბავშვებისათვის არამედ საზოგადოებისთვისაც. დღესდღეობით მსოფლიოში არის ძალიან ბევრი ბავშვი და ბევრია ისეთი მშობელიც, რომელიც საჭიროებს დახმარებას.[3]

ბავშვის უფლებათა კომიტეტი, ფიზიკურ ძალადობას შემდეგნაირად განსაზღვრავს, როგორც ნებისმიერი ტიპის დასჯას, რომელიც გულისხმობს ფიზიკური ძალის გამოყენებას და გარკვეული, თუნდაც მცირე ხარისხით, ტკივილისა და დისკომფორტის გამოწვევას. ბავშის უფლებათა კოდექსში კი ვკითხულობთ: „აკრძალულია ბავშის ფიზიკური დასჯა, წამება, მისდამი სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ოჯახში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ალტერნატიული ზრუნვის მომსახურეობის მიწოდებისას, სამედიცინო დაწესებულებაში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. აღნიშნული ქმედება იწვევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობის დაკისრებას“.[4]



[1] გაეროს ბავშვთა ფონდი. 2020. გვ 15-16.

[2] ჯანაშია ნათია, ნათელა იმედაძე, სოფიო გორგოძე. 2008. გვ 49-54

[3] ბავშვის აღზრდის პრაქტიკა. გვ 15-17.

[4] ბავშვის უფლებათა კოდექსი. თავი VIII. მუხლი 53/2

ინდიგო სულ სხვაა