სიმბოლური (როლური) თამაშის მნიშვნელობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში
თამაში ბავშვების ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვინაიდან იგი ხელს უწყობს არა მხოლოდ მათ გართობას, არამედ ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციალურ-ემოციურ განვითარებას. არსებობს სხვადასხვა ტიპის თამაში, მაგალითად, სენსო-მოტორული, შემოქმედებითი, მანიპულაციური, სიმბოლური (როლური), კონსტრუქციული, სამაგიდო, კვლევითი და ა.შ., თუმცაღა, წინამდებარე სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ბავშვებისთვის სიმბოლური (როლური) თამაშის გამოყენების ღირებულებაზე, ამასთან, გამოვავლენთ იმ სირთულეებს, რომელიც თან ახლავს მის გამოყენებას და აღვწერთ გამოვლენილი სირთულეების დაძლევის სტრატეგიებს.
როლური თამაში ეს არის ინტერაქციული სწავლების ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს დაინახონ კონკრეტული სიტუაცია სხვა ადამიანის თვალსაწიერიდან. ის ერთ-ერთი სახალისო გზაა საკუთარი თავის, სხვების და გარემოს შეცნობის.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში აღმზრდელ-პედაგოგებს/აღმზრდელებს როლური თამაშის განხორციელებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ. მათი მეშვეობით ბავშვები ირგებენ სხვადასხვა პერსონაჟის ან საგნის როლებს და ქმნიან შესაბამის სცენარებს. ამასთან, ისინი ყურადღებით აკვირდებიან და მართავენ პროცესს, უზრუნველყოფენ პოზიტიურ გარემოს, საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან ბავშვებს და საშუალებას აძლევენ საკუთარი დამოკიდებულებები თავისუფლად გამოხატონ.
აღსანიშნავია, რომ როლური თამაშის დაწყებამდე დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გარემოს სათანადოდ მოწყობას და საჭირო ნივთებით აღჭურვას. სასურველია, აღმზრდელ-პედაგოგებთან/აღმზრდელებთან ერთად ბავშვებმაც აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ჯგუფში ნივთების განლაგებასა და დეკორაციების დამზადებაში, რაც ხელს შეუწყობს მათი მოტივაციის, პასუხისმგებლობისა და ერთიანობის ზრდას.
საინტერესოა აღინიშნოს, თუ რატომ არის ღირებული როლური თამაში ბავშვებისთვის?
როლური თამაშები ორიენტირებულია ბავშვებში შემდეგი უნარების განვითარებაზე:
· ფიზიკური, კოგნიტური და სოციალურ-ემოციური
· შემოქმედებითობა და ფანტაზია
· საკითხის სიღრმისეულად გაგება, პრობლემის გადაჭრა და კრიტიკული აზროვნება
· წიგნიერება, კომუნიკაცია, ენა და მეტყველება
· სხვების მიმართ კულტურული ცნობიერება, თანაგრძნობა, პატივისცემა და შემწყნარებლობა.
გარდა ამისა, არის სირთულეები, რომელიც თან ახლავს როლური თამაშის განხორციელების პროცესს, მაგალითად:
· საჭიროების შემთხვევაში, აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის მხრიდან თამაშში დროული არჩართვა. ამ დროს შესაძლებელია პროცესი გახდეს უმართავი, აგრესიული, ბავშვები ზედმეტად შევიდნენ როლში და გაუჭირდეთ როლიდან გამოსვლა. ასეთ მომენტში, აუცილებელია დროული რეაგირება და სიტუაციის განმუხტვა.
· აღმზრდელ-პედაგოგის/აღმზრდელის გადამეტებული ჩარევა თამაშის პროცესში. მართალია, მათი როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაშის მთავარი ფიგურა ბავშვია. მათი გადამეტებული ჩარევა კი ხელს შეუშლის ბავშვის წარმოსახვისა და დამოუკიდებლად აზროვნების უნარების განვითარებას.
· თამაშის ორგანიზების პროცესში ბავშვების არ ჩართვა. აღმზრდელ- პედაგოგმა/აღმზრდელმა უნდა იზრუნოს, რომ ბავშვები აქტიურად ჩაერთონ თამაშის საორგანიზაციო პროცესში, მაგალითად, ერთობლივად მარტივი დეკორაციების დამზადება, კოსტიუმების მოტანა და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესაძლებელია არ ჰქონდეთ ერთიანობის და პასუხისმგებლობის განცდა.
· თამაშის განსახორციელებლად არასაკმარისი მატერიალური რესურსი. იმისთვის, რომ თამაში წარმატებით წარიმართოს უმნიშვნელოვანესია თემის შესაბამისად, გარემოს სათანადოდ აღჭურვა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს სხვადასხვა როლის მორგებაში. ამიტომ, აღმზრდელ-პედაგოგმა/აღმზრდელმა და ზოგადად, სკოლამდელმა დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ჯგუფის სათანადო მატერიალური რესურსით აღჭურვა.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, როლური თამაში სწავლების ერთ-ერთი უნიკალური და მრავალფეროვანი მეთოდია, რომელიც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ ჯადოსნურ სამყაროში, გამოავლინონ კრეატიულობა და მიიღონ უნიკალური გამოცდილება. მიუხედავად თავისი სირთულეებისა, მონაწილეს სთავაზობს გართობასთან ერთად განვითარების შესაძლებლობას. შესაბამისად, როლური თამაშები იდეალური გზაა მათთვის, ვინც ეძებს განვითარებას, გამოცდილებას და თავგადასავალს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, თამაშისას საჭიროა გარკვეული სახის სიფრთხილე, რათა არ დაიკარგოს ბალანსი ვირტუალურ და რეალურ ცხოვრებას შორის.